საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ამ წუთებში გამოაცხადა.

პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.

პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა თავად ბრალდებული.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.  პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე გიორგი მაღრაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.

დატოვე კომენტარი