საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული - არაფერი გამიკეთებია, რის გამოც პატიმრობა უნდა მომისაჯონ
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული - არაფერი გამიკეთებია, რის გამოც პატიმრობა უნდა მომისაჯონ

არავისზე განმიხორციელებია ​თავდასხმა და არაფერი გამიკეთებია, რის გამოც უნდა მომისაჯონ პატიმრობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა გიორგი მაღრაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

„არ ვეთანხმები პროკურორს. ის მე საერთოდ არ მიცნობს და არ იცის ჩემი ცხოვრება. მას შეეძლო, ენახა, ვინ ვარ და როგორ მაქვს ნაცხოვრები. მე იმ აქციაზე შემთხვევით მოხვედრილი ვარ. იქ მოხდა შეხლა-შემოხლა. მე არასოდეს მქონია პრობლემა ჟურნალისტებთან და არ ვეთანხმები იმას, რომ არაფრის გამო მომისაჯონ. ერთი თვეც არაა, რაც ჩამოვედი. მე არსად გავქცეულვარ, სახლში ვიყავი რომ ჩამოვედი. მომაკვდავი ბებია მყავს, საავადმყოფოშია. დედაჩემი ავად არის ფსიქიატრიულად და ჩემზეა დამოკიდებული. საჭიროა ხუთი წუთი, რომ ჩემს წარსულს გადახედოთ. მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი და ეს პიროვნება რას აღწერს, პროკურორი, ეს მე საერთოდ არ ვარ. არ განმიხორციელებია არავისზე თავდასხმა და არ გამიკეთებია არაფერი, რის გამოც მე უნდა მომისაჯონ“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.  პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე გიორგი მაღრაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.

დატოვე კომენტარი