საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, თეონა მანაგაძემ მეტრო „რუსთაველში“, ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, თეონა მანაგაძემ მეტრო „რუსთაველში“, ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა

მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შემთხვევის ადგილზე ​გამოკითხეს.

გამომძიებელი და ექსპერტ-კრიმინალისტები თვითმხილველ ჟურნალისტთან ერთად მეტროსადგურში იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

თეონა მანაგაძემ სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ დეტალურად უამბო.

ამ წუთებში პოლიციაში ის პირები იკითხებიან, ვისაც გუშინ მეტროში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

გუშინ, გვიან ღამით მეტროსადგურ „რუსთაველში“ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს. „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ. მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარს საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო და ვიდეო გადაიღო. თეონა მანაგაძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გუშინ ღამითაც იმყოფებოდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება ხულიგნობისა და რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაიწყო. ფაქტზე დღეს ერთი პირი დააკავეს.