მეტრო „რუსთაველში“ მომხდარ ფაქტზე, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთი პირი დააკავეს
მეტრო „რუსთაველში“ მომხდარ ფაქტზე, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირი ნ.ჩ. მიმალვას ცდილობდა და თბილისში, ვაშლიჯვრის სასაფლაოებთან დააკავეს.

გუშინ, გვიან ღამით მეტროსადგურ „რუსთაველში“ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს. „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ. მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარს საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო და ვიდეო გადაიღო. თეონა მანაგაძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება ხულიგნობისა და რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაიწყო.