თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა „ზამთრის თასის“ გათამაშება ფეხბურთში, რომლის მთავარი მიზანი საფეხბურთო ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაცია იყო.
14-წლამდელები ფინალში „საბურთალო“ თბილისის „დინამოს’ შეხვდა და 4:2 დაამარცხა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „საბურთალოელი“ ლუკა მამულაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში სამი გოლი გაიტანა და შვიდი გოლით ბომბარდირის პრიზიც აიღო.
ეროვნული ლიგის გუნდების ფინალში „ლოკომოტივმა“ „შევარდენს“ 4:0 სძლია. საუკეთესოდ გამარჯვებულთა კაპიტანი დავით უბილავა დაასახელეს.
„ზამთრის თასზე“ გულშემატკივარმა ახლო წარსულის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავებიც იხილა. 14 იანვარს „ზამთრის თასისთვის“ ერთმანეთს უეფას, საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთისა და იტალიის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ.
ფინალში კი საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 6:3 დაამარცხა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
„ზამთრის თასი 2018“-ის საუკეთესო მოთამაშედ უეფა-ს გუნდის წევრი, მილენკო აჩიმოვიჩი დასახელდა, ხოლო ბომბარდირი საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე გახდა.