„რაჭამ“ დიდთოვლობის გამო ვერ ითამაშა - ქალთა „ზამთრის თასის“ ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია #1TVSPORT
„რაჭამ“ დიდთოვლობის გამო ვერ ითამაშა - ქალთა „ზამთრის თასის“ ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია #1TVSPORT

ფუტსალში ქალთა შორის „ზამთრის თასის“ ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა – დასავლეთის რეგიონის ორი 1/4-ფინალური შეხვედრა იყო დაგეგმილი თუმცა, ქუთაისის სპორტის სასახლეში მხოლოდ ერთი ჩატარდა.

ქუთაისის „მართვე“ ზუგდიდის „ფენიქსს“ დაუპირისპირდა და 6:2 გაიმარჯვა. მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და 4:0 მოიგეს. ოთხი გოლი გავიდა მეორე ტაიმშიც, თუმცა ამჯერად ორივე გუნდმა 2-2 გოლი გაიტანა.

მეორე მეოთხედფინალში ლიგა 2-ის „რაჭა 2020“ ქალთა ლიგაში დაბრუნებულ „ბათუმს“ უნდა შეხვედროდა, თუმცა თამაში არ შედგა – რაჭველებმა ქუთაისში ჩასვლა დიდთოვლობის გამო ვერ მოახერხეს და ტექნიკური წაგება 0:5 ჩაეთვალათ, ნახევარფინალში კი „ბათუმი“ გავიდა.

დასავლეთის ზონაში 1/2-ფინალში ერთმანეთს „ბათუმი“ და „მართვე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 27 თებერვალს, 15:00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.  აღმოსავლეთი ზონიდან მეორე ფინალისტი 28 თებერვალს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაირკვევა.