ლეგენდების თასი უკრაინამ მოიგო
უკრაინის ვეტერანთა ნაკრები ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების გამარჯვებულია. ტრადიციული ტურნირის ფინალში, რომელიც ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა, უკრაინამ საქართველო დაამარცხა.
 
ბერლინის მასტერსზე მიღებული ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და გიორგი ლომაია ვერ დაეხმარნენ, ხოლო ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ისრაელის საერთაშორისო ტურნირისთვის ამზადებდა.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები 100 პროცენტიანი შედეგით ნახევარფინალში გავიდა, სადაც შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული, თურქეთი 2;1 დაამარცხა. „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანმა უკრაინამ კი უეფას გუნდს აჯობა.
ფინალი დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე გადაწყდა. ერთადერთი გოლი ედუარდ ციხმეისტრუკმა გაიტანა და მინიმალური გამარჯვებით ტურნირის გამარჯვებული უკრაინის ვეტერანთა ნაკრები გახდა.
ლეგენდათა ტურნირი უკვე მეოთხე წელია, რაც იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერანთა ნაკრები გახდა, ერთხელ – თურქეთი, ხოლო უკრაინამ მთავარი პრიზი პირველად მოიპოვა.
დატოვე კომენტარი