საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ნორვეგიას სტუმრად დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, საქართველოს ნაკრები ოსლოში ნორვეგიას შეხვდება და ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას შეეცდება. ორივე გუნდის მიზანი ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფში მეორე გამარჯვების მოპოვებაა.
მასპინძლებსა და საქართველოს ამჟამად 4-4 ქულა აქვთ, მაგრამ ნორვეგია ჯგუფში მესამე ადგილზეა, ხოლო საქართველო – მეოთხეზე. გუნდები 2 ქულით ჩამორჩებიან მეორეადგილოსან ესპანეთს.
ნორვეგია
ნორვეგიელებმა A ჯგუფში ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, სტალე სოლბაკენის გუნდისთვის საქართველოსთან გამარჯვება მნიშვნელოვანია.
ნორვეგია A ჯგუფის გახსნით მატჩში ესპანეთთან 0:3 დამარცხდა, შემდეგ ფრედ (1:1) დაასრულა შეხვედრა საქართველოსთან და მომდევნო თამაში დათმო შოტლანდიასთან (1:2), ბოლოს კვიპროსი 3:1 დაამარცხა. ამავდროულად, ნორვეგიამ გასულ კვირას იორდანიას ამხანაგურ მატჩში 6:0 მოუგო, ამიტომ, სამშაბათს ღამით ზედიზედ მესამე გამარჯვებას იმედოვნებენ.
ნორვეგიის ნაკრები მხოლოდ ერთხელ მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ეს 2000 წელს მოხდა, როდესაც გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა, ხოლო 1998 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური არ მოუპოვებია.
ვინ ითამაშებს კვარაცხელიას წინააღმდეგ
ჯერ კიდევ უცნობია, ვინ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ივნისის ორივე მატჩში მარჯვენა მცველი დორტმუნდის „ბორუსიას“ უკანახაზელი იულიან რაიერსონი იყო, მაგრამ ახლა მას მუხლი აწუხებს. რაიერსონი იმედოვნებს, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებს. იორდანიასთან მარკუს ჰოლმგრენ პედერსენმა და კრისტოფერ აიერმა ითამაშეს.
ნორვეგიელთა სამწვრთნელო სტაფის წევრმა, ბრედ ჰენგლენდმა თქვა, რომ გუნდში ყველა მზადაა მოედანზე გასასვლელად. ეს ასევე ეხება „ჰერენვენის“ ფლანგის შემტევს, ოსამა საჰრაუის, რომელსაც ტერფი აწუხებს.
საქართველო
საქართველო ესპანეთთან 1:7 მარცხის ფონზე ითამაშებს. მსგავსი მარცხი გუნდზე რომ უარყოფითად აისახება, ცხადია, თუმცა სატურნირო კუთხით, ჯერ ყველაფერი არც ისე კატასტროფულადაა. „ჯვაროსნები“ A ჯგუფში ოთხი ქულით (ბურთების უარესი სხვაობით) ნორვეგიას ჩამორჩებიან და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.
სანიოლის გუნდმა შესარჩევი ეტაპი ნორმალურად დაიწყო. მარტის ბოლოს ბათუმში ნორვეგიასთან ფრედ 1:1 ითამაშეს, ივნისში კი კვიპროსზე 2:1 მოიგეს, შემდეგ შოტლანდიაში 0:2 წააგეს და ესპანეთთან უმძიმეს მარცხამდე მივიდნენ.
საქართველო არასდროს გასულა დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე, ამიტომ დიდი მიღწევა იქნება, თუ მომავალ ზაფხულს ვილი სანიოლის გაწვრთნილები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
დღევანდელი შეხვედრა იქნება მხოლოდ მეხუთე ნაკრებს შორის. ნორვეგიამ სამი მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა.
გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისგან სწორ რეაქციას ელოდება ესპანეთთან კრახის შემდეგ.
მონტენეგროელი არბიტრი
ნორვეგია-საქართველოს მონტენეგროელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ნიკოლა დაბანოვიჩი იქნება, რომელსაც დაეხმარებიან ვლადან ტოდოროვიჩი და სრდან იოვანოვიჩი, მეოთხე მსაჯი მილოშ ბოშკოვიჩია. VAR-ის ოთახში უეფა-მ სლოვენიელები, ნეიც კაიტაზოვიჩი და რადე ობრენოვიჩი მიავლინა.
ტელე და რადიო რეპორტაჟები
ნორვეგია-საქართველოს მატჩი დღეს, 12 სექტემბერს ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).