ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ნახვა მიხეილ მესხის სტადიონზეც იქნება შესაძლებელი
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ნახვა მიხეილ მესხის სტადიონზეც იქნება შესაძლებელი

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.

„ძალიან მალე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეს დიდი გამარჯვება. პირველად ისტორიაში მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მეამაყება ჩვენი ნაკრების გამარჯვებები. მე, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, მეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა დღეს ათმაგად და ასმაგად ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ნაკრების გაყვანა ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი გერმანიაში გამგზავრების. იცით, რომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, გერმანიაში ფრენების სუბსიდირება დაიწყო. თუმცა, ცხადია, ყველა ვერ მოახერხებს, სტადიონიდან უგულშემატკივროს ჩვენს ფეხბურთელებს.

ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება მოვაწყოთ. იქნება ძალიან დიდი ეკრანები, სადაც შესაძლებელი იქნება, ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროთ. ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ შეძლებს, გარე სივრცეში შეუძლია უყუროს თამაშებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გარდა თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისა, სხვადასხვა აქტივობაც იქნება დაგეგმილი და ყველაფერს გავაკეთებთ ფედერაციასთან ერთად, რათა სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.