საქართველოს მეტოქე ყაზახეთის ნაკრები უზბეკეთთან პრინციპულ მატჩში დამარცხდა #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეიოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე, ყაზახეთის ეროვნული გუნდი უზბეკეთთან სტუმრად დამარცხდა – 2:0.
ტაშკნენტში გამართული მატჩი ამ ორ ქვეყანას შორის 2007 წლის სკანდალური დაპირისპირების შემდეგ პირველი იყო და პრინციპული გახლდათ. უზბეკებს სურდათ, რომ 15 წლის წინ, ასტანის ტურნირზე მსაჯობისგან დაჩაგვრის გამო, ყაზახებთან რევანში აეღოთ და ეს მოახერხეს.
ანგარიში მე-12 წუთზე ხოჯიმატ ერკინოვმა გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე „რომას“ თავდამსხმელმა ელდორ შოხმუროდოვმა უზბეკების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში შომუროდოვს თავის გამოჩენა კიდევ სამჯერ შეეძლო, მაგრამ ყაზახეთის ნაკრების მეკარეს ვერ აჯობა და ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა.
ყაზახეთი მეორე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს – ჩვენი მომავალი მეტოქე 19 ნოემბერს აბუ დაბიში არაბთა გაერთიანებულ საემიროების ნაკრებს შეხვდება.
უზბეკეთი – ყაზახეთი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ერკინოვი (12), 2:0 შომუროდოვი (45).
ყაზახეთი: შაცკი, გაბიშევი, მალი, მაროჩკინი, ალიპი, დოსმაგამბეტოვი, ტაგიბერგენი, დარაბაევი, ორაზოვი, ასტანოვი, აიმბეტოვი.