საქართველოს 2018 წლის ფალავანი ბექა ბერძენიშვილია - ფულზე მეტად ტიტულის მოპოვება გამიხარდა
დღეს საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა. წლის დამაგვირგვინებელ ტურნირს ახალი თბილისის ფრენბურთის დარბაზმა უმასპინძლა.
ტურნირზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 80 კგ-ში გიორგი მახარაშვილმა გაიმარჯვა, 90-ში – გიორგი პაპუნაშვილმა, 100-ში – ლაშა ტაველურმა, ხოლო +100-ში – ლევან მატიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ტრადიციული პრიზი, ცხვარი, ფულით ჩაანაცლეს და კლასიკურ ტატამზე იჭიდავეს. თითოეულ წონაში გამარჯვებულებმა 3000 ლარი მიიღო.
საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილებმა ბრძოლა აბსოლუტურ შეჯიბრში გააგრძელეს – წლის საუკეთესო ქართველი ფალავანის ტიტულისთვის ერთმანეთს ბექა ბერძენიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი დაუპირისპირდნენ. მაყურებელი საინტერესო ბრძოლის მომსწრე გახდა. საბოლოოდ, 2018 წლის ფალავნის ტუტულს, ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი დაეუფლა.
ფინალისტებმა საახალწლოდ მშვენიერი საჩუქარი მიიღეს: ფინალისტი 10 000 ლარით დაჯილდოვდა, ხოლო საქართველოს ფალავანს 35 000 ლარი გადაეცა.
„ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა და სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, საქართველოს ფალავანი თუ გავხდებოდი. ემოციებისგან დაცლილი და უზომოდ გახარებული ვარ. კარგია, რომ ასეთი ფულადი ჯილდო მივიღე, მაგრამ ჩემთვის საქართველოს ფალავნობა უფრო ძვირფასია” – ამბობს პირველ არხთან ბექა ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ წლის ფალავანი 1928 წლიდან ვლინდება. წელს კი 90-ედ გაიმართა. ახლახანს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა – ეს იუნესკოს აღიარების შემდეგ პირველი ფალავნობა გახლდათ.