საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო რაუნდი მარცხით დაიწყო #1TVSPORT
20:00, 25.10.2022
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი მარცხით დაიწყო. გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა მესამე ჯგუფის პირველი მატჩი ისრაელის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.
ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში ისრაელის ნაკრებმა გახსნა. მე-17 წუთზე იეჰოდაბელაის შესრულებული კუთხურის შემდეგ მცველების უყურადღებობით ანას სარსურმა ისარგებლა და თავური დარტყმით საქართველოს ნაკრების კარი აიღო.
ხიზანიშვილის გაწვრთნილებმა წონასწორობა 25-ე წუთზე აღადგინეს და ეს მთლიანად ალექსანდრე თურქიას დამსახურება იყო. „დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა ზუსტად დაარტყა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა შესვენებამდე მეორე გოლიც გაუშვა. 45-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე წამოწყებული შეტევა ადირვაჰებიმ საჯარიმოს ხაზთან იდო ოლის გაუგრძელა, რომელსაც ხელი არავინ შეუშალა და ისრაელის ნაკრები დააწინაურა 2:1.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა. ყველაზე რეალური მომენტი საბა გეგუჩაძემ შექმნა, რომლის საჯარიმო დარტყმის შემდეგაც ბურთი ძელს მოხვდა. ისრაელმა კი თავისი შანსით ისარგებლა და 83-ე წუთზე მესამე გოლი იუვალ რანონიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა სტუმართა სასარგებლოდ 3:1.
საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს 28 ოქტომბერს ინგლისის წინააღმდეგ ისევ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 18:00 საათზე გამართავს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე „ილია კოკაია არენაზე“ გაიმართა, ინგლისმა ლიეტუვა 3:1 დაამარცხა. ჯგუფში 3-3 ქულით ინგლისი და ისრაელი გალიდერდნენ, საქართველო და ლიეტუვა კი უქულოდ მესამე-მეოთხე ადგილზე არიან.