საქართველოს 17-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდში ინგლისთანაც დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდში ინგლისთანაც დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაც წააგო ევროშესარჩევ ციკლში – ამჯერად გუნდი რუსთავის საფეხბურთო ცენტრში ინგლისს დაუპირისპირდა და 2:6 დამარცხდა.

ინგლისელებმა პირველი ტაიმი 4:1 მოიგეს. ანგარიში ტაილერ დიბლინგმა (5) გახსნა. მართალია, ერთ წუთში საბა გეგუჩაძემ (6) პენალტით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე ინგლისელებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს – ეთან ნიუანერმა (9), ჯიმი-ჯეი მორგანმა (28) და მაილს ლუის-სკელიმ (42).

ინგლისელებმა, ფაქტობრივად, შედეგს მიაღწიეს, მაგრამ მეორე ტაიმშიც არ გაჩერებულან და კიდევ ორი გოლი გაიტანეს – ჯიმი-ჯეი მორგანმა (58) და ტაილერ დიბლინგმა (87), რასაც ალექსანდრე ამისულაშვილმა (61) ერთი გოლით უპასუხა და საბოლოოდ, ინგლისის ნაკრებმა 6:2 გაიმარჯვა.

ჯგუფში მეორე მატჩი ისრაელსა და ლიეტუვას შორის 1:1 დასრულდა და ევროშესარჩევი ციკლის ორი ტურის შემდეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უქულოდ ბოლო ადგილზეა. 6 ქულით ლიდერი ინგლისია, მეორეზე ისრაელია (4), ხოლო მესამეზე ლიეტუვა (1).

მე-3 ტურის შეხვედრას საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 31 ოქტომბერს რუსთავში ლიეტუვას ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და ამით გამოსვლას დაასრულებს.