17-წლამდელებმა მონტენეგროსთან მეორე ტესტ-მატჩი ფრედ დაასრულეს [ვიდეო] #1TVSPORT
17-წლამდელებმა მონტენეგროსთან მეორე ტესტ-მატჩი ფრედ დაასრულეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, მონტენეგროელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.

რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა. მე-2 წუთზე მასპინძლები საბა სამუშიამ დააწინაურა. სფფ-ს აკადემიის ნახევარმცველმა სამი მცველი ეფექტურად ჩამოიტოვა და მახვილი კუთხიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მე-8 წუთზე სტუმრებმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მეკარემ, სოსო კოპალიანმა შესანიშნავად ითამაშა და ვასილიე ადჟიჩის დარტყმა მოიგერია.

ქართველმა ფეხბურთელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. მატჩის საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში ანდრია ბულატოვიჩმა დააფიქსირა. მონტენეგროელმა ფეხბურთელმა 57-ე წუთზე ლაზარ მარაშის გადაცემით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში – ინგლისს, ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.