საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მწვრთნელი - სანაკრებო დონეზე პატარა შეცდომების გამოც ვისჯებით, ეს უნდა გამოსწორდეს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მწვრთნელი - სანაკრებო დონეზე პატარა შეცდომების გამოც ვისჯებით, ეს უნდა გამოსწორდეს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ხიზანიშვილმა მონტენეგროელ თანატოლებთან გამართული ორი ამხანაგური მატჩი შეაფასა, რომელიც რუსთავში გაიმართა – პირველში მისი გაწვრთნილები 1:2 დამარცხდნენ, მეორე კი ფრედ დასრულდა – 1:1.

„მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, წინა შეკრებასთან შედარებით, დაცვითი ფუნქციების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სამუშაოები დადებითად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, შედეგებით ვერ ვიქნები კმაყოფილი. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფეხბურთელებმა მომზადება ფაქტობრივად 10 დღის წინ დაიწყეს და მოუმზადებლები იყვნენ“, – ამბობს გია ხიზანიშვილი.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მონტენეგროელებთან მეორე მატჩი გამოარჩია.

„ამ ორი შეხვედრიდან მეორეს გამოვარჩევდი იქიდან გამომდინარე, რომ უფრო დალაგებული ფეხბურთი ვითამაშეთ და დაცვით ფაზაშიც ნაკლები შეცდომები დავუშვით. თუმცა, სანაკრებო დონეზე პატარა შეცდომების გამოც ვისჯებით. ეს ბიჭებმა იციან და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრისთვის, როდესაც შესარჩევი მატჩები იქნება, მობილიზაციას მოახდენენ და ამ შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანენ“.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში – ინგლისს, ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი