საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობს, სადაც მეორე მატჩში მასპინძელ მექსიკას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჰეთთრიკი შეასრულა ალექსანდრე ვასილიჩენკომ, რომელმაც სამივე პერიოდში მოახერხა გოლის გატანა. პირველი და ბოლო პერიოდები ფრედ, 1:1 დასრულდა. ერთადერთი პერიოდი, რომელშიც საქართველომ მეტოქეს აჯობა, მეორე იყო – 1:0.
იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა „ბ“ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს, ჯგუფში ბოლო ადგილზე არ უნდა გავიდეს. მოცემულ მომენტში საქართველოს სამი ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა. ქართველ ჰოკეისტებს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ მასპინძელი მექსიკა ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 24 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.