საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიასა და ზეთისხილის მსოფლიო დღეს უმასპინძლებს
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიასა და ზეთისხილის მსოფლიო დღეს უმასპინძლებს

საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, 24-26 ნოემბერს ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის მსოფლიო დღეს უმასპინძლებს. ღონისძიება იუნესკო-ს ეგიდით ტარდება.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. იმავდროულად, ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმებსაც შეათანხმებენ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებელი და რამდენიმე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი ეწვევა.

„საქართველო ზეთისხილის წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, საქართველოსთვის მსგავსი შეხვედრის მასპინძლის სტატუსი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. სესიაზე მხარეები ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო-პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, რათა მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მთავარი მიზნების მიღწევაში – პოპულარიზაცია, კომერციული საქმიანობა და ზეთისხილის პროდუქტების მოხმარება“, – აცხადებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან წლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა.