გიორგი სვანიძე - ზეთისხილის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილავს
გიორგი სვანიძე - ზეთისხილის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილავს

ზეთისხილის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ოფიციალური წევრიც საქართველო ნოემბრის ბოლოს გახდება, საქართველოს ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილავს ევროპაში. ამის შესახებ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში საქართველოსთვის ახალი ინდუსტრიის – ზეთისხილის ზეთისა და ნაყოფის წარმოების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საქართველო მიმდინარე თვის ბოლოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდება და მომავალ 2020 წელს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაც იქნება.

სვანიძის მოსაზრებით, ზეთისხილის ინდუსტრია, რომელიც საქართველოში სულ რაღაც 10 წელს ითვლის, ძალიან პერსპექტიული დარგია, რადგან უკვე საუკეთესო შედეგები აჩვენა.

„საქართველოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანება დიდი ნაბიჯია და ვისაც ეს კულტურა უყვარს, ყველას მივულოცავ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ საუკეთესო ზეთი გვაქვს. როდესაც ზეთისხილის მსოფლიო საბჭოში განაცხადი გავაკეთეთ და ჩვენი ზეითუნის ზეთი ჩავიტანეთ, საბჭოს კვლევების შედეგის მიხედვით, უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატი მოგვანიჭეს. საქართველოში დარგული პირველივე ნერგი 10-12 სანტიმეტრით უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე იგივე ნერგი თურქეთში ან სხვა ქვეყნებში; ნაყოფის კანი უფრო თხელი იყო და კურკა უფრო პატარა. მსოფლიოში ხუთი კილო ზეთისხილის ნაყოფიდან საშუალოდ, ერთი ლიტრა ზეთი იხდება და საუკეთესო მაჩვენებელია ოთხ კილოზე 3.7-3.8 ლიტრა. ჩვენ 3.7-3.8 ლიტრა მივიღეთ. ნერგმა თავიდანვე აჩვენა, რომ საქართველოში განსაკუთრებულ პროდუქტს მივიღებდით, ხარისხით უმაღლესი და მჟავიანობით უდაბლესი“, – განმარტა სვანიძემ.

„ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი თვლის, რომ ზეთისხილის ინდუსტრიას იმდენად მიმზიდველი მახასიათებლები აქვს, რომ ის სავარაუდოდ უკან ჩამოიტოვებს საქართველოსთვის ისეთ ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს, როგორიცაა თხილი და ყურძენი.

„სწორედ იმ მწირი მიწების ათვისებით დავიწყეთ, რომელიც არ იხვნებოდა – ასეთი მიწა განსაკუთრებით უხდება ზეთისხილის კულტურას. სულ მალე დაინახავთ, რომ საქართველოში ზეთისხილის დარგი არამარტო დაეწევა თხილს, ყურძენს და სხვა დარგებს, არამედ გადაუსწრებს. სეტყვა და გვალვა ზეთისხილს არ აფუჭებს, მორწყვა თავიდან უნდა და მერე ფესვი ვერტიკალურად იზრდება და საზრდოს თითონ იღებს; 1000 წელი ხარობს ისეთი მადლიანი ხეა და რომ დარგავ – მთელი შთამომავლობა იხეირებს. ნელ-ნელა ხალხი ამას იგებს და ინტერესდება“, – განაცხადა სვანიძემ.

მისი მოსაზრებით, ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა პროგრამამ „დანერგე მომავალი“. როგორც სვანიძემ განმარტა, პროგრამა ზეთისხილით დაინტერესებულ ფერმერებს ნერგების გაშენების ღირებულების 70 პროცენტს უფარავს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის ხარჯის – 50 პროცენტს და წარმოების შემთხვევაში – 40 პროცენტიან გრანტს აძლევს. ასეთი ხელშეწყობით ბოლო პერიოდში თითქმის 30 ათასი ჰექტარზე მეტი დაფინანსდა და სულ 50 ათასი ჰექტარი დაირგო. მოწეული მოსავლის ფასი კი კილოგრამზე 1.50-2 ლარია, რაც ზოგიერთი ყურძნის სახეობის ფასს აჭარბებს კიდეც. საერთაშორისო კვლევების მიხედვით კი, 2025 წლისთვის ზეთისხილის მსოფლიო ბაზრის ღირებულება 11 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

სვანიძის თქმით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო საქართველოს ევროპის მესამე ჰაბად განიხილავს, რაც ქვეყანას ფართო პერსპექტივას უქმნის.

„ მათ [ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ] საქართველო მესამე ჰაბად წარმოიდგინეს. ევროპას მესამე ჰაბი სჭირდება. პირველი არის ესპანეთი, მეორე იტალია და აქეთ აზიის ქვეყნებზე საქართველოთი გადიან. ჩვენ თავისუფალი დაბეგვრის რეჟიმი რომ გვაქვს აზიასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ევროპასთან – ამით ძალიან დიდი საქმე შეიკრა. საქართველო ისეთ ასპარეზზე გადის, არა მოცულობებით, არამედ ხარისხით, ისეთ დონეზე დგას, სადაც არიან ესპანეთი, იტალია, მაროკო, ტუნისი. ამ ქვეყნებთან გაერთიანება ჩვენთვის ნიშნავს ჩვენთან დარგის ხელშეწყობას, ლაბორატორიების გახსნას, სუბსიდირებას, ტრენინგებს და ა.შ.“, – განუცხადა გიორგი სვანიძემ „ბიზნესპარტნიორს“.