საქართველო ჟურნალისტთა ნაკრები ევროპის მედიათასის ვიცე-ჩემპიონია - ტურნირის ბომბარდირი პირველარხელი ცოტნე ქინქლაძე გახდა #1TVSPORT
საქართველო ჟურნალისტთა ნაკრები ევროპის მედიათასის ვიცე-ჩემპიონია - ტურნირის ბომბარდირი პირველარხელი ცოტნე ქინქლაძე გახდა #1TVSPORT

საქართველო ჟურნალისტთა ნაკრები „ევროპის მედიათასი 2025-ის“ ვიცე-ჩემპიონია. ტრადიციულ საფეხბურთო ტურნირს 3-5 მაისს მოლდოვის დედაქალაქმა კიშინეუმ უმასპინძლა.

„მედიათასისთვის“ მოლდოვის, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, სომხეთის, ისრაელის და უნგრეთის ჟურნალისტთა ნაკრებები იბრძოდნენ. გასულ წელს ჩვენი გუნდი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა და წლევანდელი მიზანი შედეგის გაუმჯობესება იყო.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი მოიგო – მოქმედ ჩემპიონ აზერბაიჯანთან (ვისთანაც გასულ წელს ნახევარფინალში დავმარცხდით) 5:3, უნგრეთთან (5:4) და ისრაელთან (5:3) და მაქსიმალური შედეგით (9 ქულა) გავიდა ნახევარფინალში, სადაც ჩვენი მეტოქე მასპინძელი მოლდოვა იყო.

დრამატულ შეხვედრას მოლდოველები იგებდნენ (3:1), შემდეგ კი საქართველო დაწინაურდა (4:3). თუმცა, ძირითადი დრო 4:4 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც უფრო ზუსტად ქართველებმა შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეკარე გეგი კიკაბიძე ჯგუფის მეორე მატჩში დაშავდა და მთელი ტურნირის ჩატარება ტრავმირებულს მოუხდა. ფინალში რუმინელებმა 7:4 გაიმარჯვეს და პირველი ადგილი დაიკავეს, საქართველოს მედიანაკრები კი ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

საქართველოს მედიანაკრებში „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ თამაშობდნენ კოტე მიგინეიშვილი და ცოტნე ქინქლაძე, რომელიც 12 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. საუკეთესო მეკარედ ორგანიზატორებმა ერთხმად დაასახელეს „ნომად სპორტის“ დამფუძნებელი გეგი კიკაბიძე. გუნდი ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

„ჩვენი მიზანი – გაგვეუმჯობესებინა წინა წლის შედეგი, მიღწეულია. შარშანდელთან შედარებით ერთი პოზიციით მაღლა ავიწიეთ და ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. თუმცა ეს არ იყო ჩვენი მაქსიმუმი და ვეცდებით, მომავალ წელს გამარჯვებულის სტატუსი მივიღოთ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხეს, რის გამოც რეგიონის პრესტიჟის დაცვის ვალდებულებაც ერთპიროვნულად დაგვეკისრა და ვფიქრობ, ამ ამოცანასაც თავი კარგად გავართვით“, – ამბობს ქართული მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი.