UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი – აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის ყველა მონაწილე კვლავ დაკავებულია #1TVSPORT
UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე უსმან ნურმაგომედოვის გუნდის თავდასხმას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან.
უაითმა UFC 334-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
„ეს სრული სისულელე და აბსურდია. ყველა მათგანი კვლავ დაკავებულია. ეს ის ადგილი არ არის, სადაც მსგავსი საქციელი შეიძლება შეგრჩეს“, – განაცხადა უაითმა.
აბუ დაბის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სულ 10 ადამიანი დააკავეს – რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ორი კი ინციდენტის გადაღებისთვის.
დაკავებულებს შორის არიან მერაბ დვალიშვილი და მისი მეგობარი საბა ლაზიშვილიც, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ.
მომხდარს გამოეხმაურა უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელმაც ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობას საჯაროდ მოუბოდიშა.
ამასთან, RAF-ის ხელმძღვანელობა ადგილობრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებამდე გათავისუფლდება. ორგანიზაციამ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალა.