უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი აბუ დაბიში მომხდარზე – ეს სამარცხვინო და მიუღებელი იყო #1TVSPORT

09:26, 13.11.2026

უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის გუნდს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მან თავისი წარმომადგენლის საქციელი დაგმო, მომხდარს სამარცხვინო უწოდა და აბუ დაბის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

„ჩემი და ჩემი გუნდის სახელით, მინდა, ბოდიში მოვუხადო აბუ დაბის მოსახლეობას იმისთვის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. გულწრფელად ვწუხვარ, ეს სამარცხვინოა. იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდა კაცი მომხდარიდან მნიშვნელოვან გაკვეთილს მიიღებს. მსგავსი რამ აღარასდროს უნდა განმეორდეს.

როგორც მუსლიმები, ადამიანები და სპორტსმენები უკეთ უნდა ვიქცეოდეთ. ბოლო ორი დღეა, თითქმის არ მძინებია, ვცდილობ, სიტუაცია გამოვასწორო. რაც მოხდა, სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა აბდელაზიზმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში.

მენეჯერმა აღნიშნა, რომ მომხდარში ორივე მხარეს ადანაშაულებს, თუმცა უსმან ნურმაგომედოვის საქციელს გამართლებას არ უძებნის.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ერთი შეცდომა მეორეს ვერ გაამართლებს. მერაბი რამდენიმე კვირის წინ აქ იყო, ყველაფერი კარგად იყო და ხაბიბის დარბაზშიც კი ვარჯიშობდა.

არ ვფიქრობ, რომ მერაბსა და უსმანს შორის პირადი მტრობა არსებობს. ეს უფრო მის ძმასთან დაკავშირებულ ამბავს ეხებოდა და უსმანი ძმის დაცვას ცდილობდა. მესმის, რომ სპორტსმენები ემოციურები არიან, მაგრამ ეს გამართლება არ არის. ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა მოგვარებულიყო“, – აღნიშნა მან.

აბდელაზიზმა უსმან ნურმაგომედოვის მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვის მებრძოლის კარიერაზე მნიშვნელოვანი მისი მდგომარეობაა.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უსმანზეც იმოქმედებს, ხაბიბზეც და სხვებზეც. თუმცა ახლა მის სპორტულ კარიერაზე არ ვღელავ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობა და ის, როგორ შეძლებს ამ ყველაფრის გადალახვას.

ყველამ, ვინც საქართველოდან ან დაღესტნიდან ვიდეოებს აქვეყნებს, ეს უნდა შეწყვიტოს. მოდით, გავერთიანდეთ და მშვიდობა დავამყაროთ“, – განაცხადა ალი აბდელაზიზმა.

11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

მსგავსი