მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ახლობლის განცხადებით, უსმან ნურმაგომედოვს, ასევე მისი გარემოცვის წევრებს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ #1TVSPORT

13:06, 13.11.2026

აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ახლობლის განცხადებით, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრებს მოსამართლემ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

ამავე ცნობით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰამის გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.

მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.

მსგავსი