საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლის კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე უკანონობას დაკავებულთა მიმართა, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ იყო გარკვეული პრობლემები, რომლებიც მოგვარდა.

„მოდი, ვთქვათ, რომ არა. იყო იქ პატარ-პატარა რაღაცები, მაგრამ მოგვარდა. იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი ადვოკატისთვის მინდოდა, გადამეცა, მაგრამ წაიღეს და არ გადასცეს. იყო ასევე მეორე შემთხვევა, როდესაც მატროსოვიდან გლდანში წამიყვანეს, ადვოკატისთვის მინდოდა, გადამეცა ჩემი მიმართვა და ამაზე უარი გვითხრეს. რომ მინდოდა სახალხო დამცველთან საუბარი, იყო შეზღუდვები, არ მომეცა საშუალება. იყო ასეთი შემთხვევები. სხვა, მეტი არაფერი. სხვა საშუალება ადვოკატთან არ მქონია, მხოლოდ სატელეფონო საუბარი, მონაცემების გაცვლა. აი, ასეთი წვრილ-წვრილი რაღაცები იყო. მეტი არაფერი, სხვა ნორმალურად“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

მოსამართლის კითხვაზე, ხომ არ ჰქონია ადგილი არადამიანურ მოპყრობას ან წამებას, ივერი მელაშვილმა განაცხადა მსგავსი რამ არ ყოფილა. ანალოგიურად უპასუხა მოსამართლის კითხვას ნატალია ილიჩოვამ.

მოსამართლემ ბრალდებულებს ასევე მიმართა კითხვით, მიიჩნევენ თუ არა თავს დამნაშავედ, რაზეც ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე აპირებს, შუამდგომლობა დააყენოს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.