საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაიწყო. საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი საკუთარ არჩევანს სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში აფიქსირებს.
საბჭო 15 წევრისგან შედგება, თუმცა დღეს სხდომას 13 წევრი ესწრება. სხდომაზე არ იმყოფება ეკა ბესელია და ასევე ოთარ კახიძე, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი, კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
კენჭისყრის პროცესამდე საპროკურორო საბჭოს სხდომაზე წევრები მთავარი პროკურორობის კანდიდატს გაესაუბრნენ.
საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს შალვა თადუმაძესა და ნინო გოგნიაშვილს შორის შეარჩევს. საბჭოში კიდევ ერთი კანდიდატი შალვა შავგულიძე იყო წარდგენილი, თუმცა, მან საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა.