საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა
საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მთავარი პროკურორობის ორივე კანდიდატთან შალვა თადუმაძესა და ნინო გოგნიაშვილთან გასაუბრება დასრულდა.
როგორც გასაუბრების შემდეგ შალვა თადუმაძემ განაცხადა, საპროკურორო საბჭოს წინაშე მან საკუთარი ხედვა წარადგინა.
„საბჭოს წინაშე წარვადგინე ჩემი ხედვა იმასთან დაკავშირებით, რა ღონისძიებებს გავატარებ თუ მთავარი პროკურორი გავხდები. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, მისი გადაწყვეტილება იყო, ჩემთვის კითხვები არ დაესვა და არ დაუსვამს. საბჭოს ყველა სხვა წევრმა დამისვა კითხვები, რასაც ამომწურავი პასუხი გავეცი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ საბჭოს მხარდაჭერის იმედი აქვს.
მანამდე საპროკურორო საბჭო ნინო გოგნიაშვილს გაესაუბრა.
საპროკურორო საბჭო სწორედ შალვა თადუმაძესა და ნინო გოგნიაშვილს შორის ფარული კენჭისყრით შეარჩევს მთავარი პროკურორობის კანდიდატს, რომელიც მთავრობას წარედგინება. საპროკურორო საბჭოში კიდევ ერთი კანდიდატი შალვა შავგულიძეც იყო წარდგენილი, თუმცა, მან საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა.