საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საკითხთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს დღევანდელ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებისა და მისი შემადგენლობის შესახებ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით თორმეტ-პუნქტიანი რეკომენდაციაა გაცემული საქართველოსთვის. საქართველოს პარლამენტში  თორმეტივე რეკომენდაციაზე შესაბამისი კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების ჩართულობით მუშაობა მიმდინარეობს. ამ სამუშაოს შესრულების დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ინკლუზიურობა, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული პარლამენტის შიგნით ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის უფრაქციო დეპუტატებიც, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი. ჩვენს კომიტეტთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით ზოგიერთი მექანიზმი  განსაზღვრულია და სწორედ ამ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით ვქმნით ამ სამუშაო ჯგუფს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განმარტებით, ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ დაახლოებით 30-მდე კონტროლის მექანიზმი ამოქმედდა, რომელთა გამოყენებაც შეუძლია დღეს პარლამენტს.

„სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით შესაბამისი პროფილის კომიტეტები ახორციელებენ კონტროლს. ჩვენი მუშაობა კონცენტრირებული იქნება იმ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ საპარლამენტო კონტროლის იმ მექანიზმებს ეხება, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტის ურთიერთკონტროლს და თანამშრომლობის ფორმებს ეხება.

ჩვენ ვკონცენტრირდებით ძირითადად ისეთ საკითხებზე როგორიცაა: პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური  ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა, თემატური მოიკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, პარლამენტის ნორმატიული აქტებით გარდამავალი დებულებების აღმასრულებელი დაწესებულებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება – საკითხთა ეს ბლოკი იქნება ჩვენი მუშაობის საგანი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს.

ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე ასევე წარმოადგინა ანგარიში „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ“, რომელშიც გაანალიზებულია მოქმედი რეგლამენტის პირობებში კონტროლის მექანიზმების გამოყენების რა პრაქტიკა არსებობს. ასევე მასში აღწერილი და გაანალიზებულია კონტროლის წარმართვის პროცესები და გაცემულია გარკვეული რეკომენდაციები.

ანგარიში ბეჭდური ჟურნალის სახითაც გამოიცა და სხდომის მონაწილეებს დაურიგდათ.

დატოვე კომენტარი