სამყაროს უდიდესი გალაქტიკის დიამეტრი 1,7 მლნ სინათლის წელია — ასტრონომები სწავლობენ, როგორ გაიზარდა ის ამხელა #1tvმეცნიერება

17:04, 25.09.2026

სამყაროს შეუძლია საკმაოდ უცნაური და მოულოდნელი რაღაცები მოაწყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მასშტაბებს ეხება.

გიგანტური შავი ხვრელებით დაწყებული, გალაქტიკების უზარმაზარი „კედლებით“ დამთავრებული, სამყარო სავსეა გონების ამრევი, გამაოგნებელი მასშტაბის ობიექტებით.

თუმცა, გალაქტიკა სახელად IC 1101 იმდენად დიდია, რომ მკვეთრად სცდება ნორმის ზედა ზღვარს.

უპრეცედენტოდ დეტალურ დაკვირვებებში, ასტრონომებმა მისი ფიზიკური მასშტაბები გაზომეს და გამოავლინეს, რომ მისი მთავარი ვარსკვლავური სხეულის საზღვარი ცენტრიდან დაახლოებით 260 კილოპარსეკის მანძილზე მდებარეობს.

ანუ, ამ გალაქტიკის დიამეტრი დაახლოებით 1,7 მილიონი სინათლის წელია — უდიდესი გალაქტიკა ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილთა შორის. კვლევა ესპანეთის კანარის კუნძულების ასტროფიზიკური ცენტრის ჯგუფმა ჩაატარა ასტროფიზიკოს კარლოს მორერო დე ლა როსას ხელმძღვანელობით.

ყველაზე საოცრება კი ისაა, რომ ის ჯერ კიდევ იზრდება.

„შედარებისათვის გეტყვით, რომ ირმის ნახტომის ვარსკვლავური დისკოს დიამეტრი მასზე დაახლოებით ოცჯერ ნაკლებია. მისი ზომის უკეთ აღქმისათვის — თუკი IC 1101-ს ირმის ნახტომსა და ანდრომედას შორის მოათავსებთ, მისი ძირითადი ვარსკვლავური სხეული თითქმის ხიდივით გაიდება ამ ორ გალაქტიკას შორის“, — ამბობს მორერო დე ლა როსა.

დიდი ხანია, რაც IC 1101 დიდ გალაქტიკადაა აღიარებული. მდებარეობს გალაქტიკათა კლასტერ Abell 2029-ში, ზუსტად ისე, როგორც ობობა თავის აბლაბუდაში და ისე კაშკაშებს, როგორც მხოლოდ ტრილიონობით ვარსკვლავს შეუძლია ერთობლივად.

თუმცა, მისი დიამეტრის განსაზღვრა პრობლემური იყო, რადგან მისი ძირითადი სხეულის გარე საზღვრებში მდებარე ვარსკვლავები მას გარშემო კლასტერიდან შემოსულ დიფუზიურ ვარსკვლავურ სინათლესთან ურწყამს — დაახლოებით ისე, როგორც ობობის ფეხები ერწყმის მისი ქსელის ძაფებს.

„როგორც წესი, გალაქტიკას მყარი ობიექტივით გამოკვეთილი საზღვრები კიდეები არ აქვს. ცენტრიდან დაშორებასთან ერთად, მისი ვარსკვლავები სულ უფრო დიფუზიური ხდება. ამიტომ, „კიდე“ არ არის ადგილი, სადაც ვარსკვლავები უცბად ქრებიან. ესაა რადიუსი, სადაც გალაქტიკის ძირითადი სხეული ისე აღარ იქცევა, როგორც თანმიმდევრული სტრუქტურა“, — ამბობს მორერო დე ლა როსა.

წინა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ IC 1101 ძლიერ გაწელილი იყო, მაგრამ ზუსტად ვერ დადგინდა, სად იყო კიდე. ვინაიდან მორერო დე ლა როსას სადოქტორო ნაშრომის თეზისი ნაწილობრივ ფოკუსირებულია გალაქტიკის კიდეების პოვნის ტექნიკურ გამოწვევებზე, ეს გალაქტიკა ბრწყინვალე ლაბორატორიას წარმოადგენდა მეთოდების დასატესტად.

ახალ კვლევაში მან და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს ესპანეთის როკ-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიის ისააკ ნიუტონის 2,5-მეტრიანი ტელესკოპი, რომლითაც IC 1101-ს ყველაზე ღრმა ფოტოები გადაუღეს მისთვის გადაღებულთა შორის.

თუმცა, ყველაზე რთული ნაწილი წინ იყო — გულდასმით მოცილება იმ გაბნეული სინათლისა, რომელიც წინა პლანზე მდებარე ვარსკვლავებიდან მოდის და იმ კაშკაშა, კონცენტრირებული სინათლისა, რომელიც უშუალოდ IC 1101-ის ცენტრიდან მომდინარეობს.

ეს ნაწილიო გადამწყვეტია, რადგან კაშკაშა ობიექტების სინათლე ტელესკოპმა და ატმოსფერომ შეიძლება „დასვაროს“ და გალაქტიკის პერიფერიაზე არსებულ ნამდვილ, მკრთალ მატერიად მოგვაჩვენოს თავი.

ამ ეფექტების მოცილების შემდეგ, ჯგუფი ეძებდა ცვლილებებს IC 1101-ის რამდენიმე მახასიათებელში ცენტრიდან პერიფერიებისკენ გადაადგილების კვალდაკვალ.

დაახლოებით 260 კილოპარსეკის მანძილზე, რამდენიმე რამ ერთდროულად შეიცვალა: სინათლის გადანაწილება, ვარსკვლავთა ფერი, ვარსკვლავური მასის ოდენობა და გალაქტიკის ფორმა და ორიენტაციაც კი.

ვინაიდან ყველა ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გაზომვა გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით ერთსა და იმავე მანძილზე შეიცვალა მრავალი მიმართულებით, მკვლევრებმა ეს IC 1101-ის ძირითადი ვარსკვლავური სხეულის კიდედ მიიჩნიეს — სტრუქტურისა, რომლის დიამეტრი 520 კილოპარსეკს, ანუ 1,7 მილიონ სინათლის წელს შეადგენს.

მაგრამ შემდეგ რაღაც მოულოდნელი გამოჩნდა.

„მას შემდეგ, რაც გაფანტული სინათლე მოვაცილეთ, ხედი გაცილებით მკაფიო გახდა და IC 1101-ის გარშემო გამოიკვეთა რამდენიმე ძალიან მკრთალი სტრუქტურა. ზოგიერთი ასიმეტრიული, ფილამენტური ან ქლიავის მსგავსია, რაც მიუთითებს, რომ ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს წარსულის აკრეციის მოვლენებთან ან პატარა გალაქტიკებთან ურთიერთქმედებასთან“, — განმარტავს მორერო დე ლა როსა.

მისი განცხადებით, განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ ეს სტრუქტურები არ ჰგავდა შემთხვევით ფონურ რყევებს. ისინი გალაქტიკის ირგვლივ წარმოქმნიდა დაბალი ზედაპირული სიკაშკაშის მქონე რთულ გარემოს, რაც შესაბამისობაშია მოსაზრებასთან, რომლის თანახმადაც, IC 1101 ჯერ კიდევ იერთებს მატერიას მისი სამეზობლოდან.

ეს სტრუქტურა ხსნის, რატომ შეიძლება ჰქონდეს გალაქტიკას ჯერ კიდევ მზარდი თანმიმდევრული კიდე.

მკვლევართა მიერ ნაპოვნი საზღვარი წარმოადგენს ძირითადი სხეულის კიდეს, სადაც გალაქტიკის ვარსკვლავების უმეტესობაა თავმოყრილი.

თუმცა IC 1101-ის მასშტაბები ამ საზღვრით არ შემოიფარგლება. მის დიფუზიურ გარეუბნებში, ვარსკვლავები და პატარა გალაქტიკების ნარჩენები აკუმულირებას აგრძელებს და ამ უზარმაზარ სისტემას მატერია თანდათან ემატება.

უფრო მეტიც, საინტერესოა, რომ ზოგიერთი ეს გარე სტრუქტურა თითქოს ემთხვევა IC 1101-ის გარშემო არსებულ რენტგენულ გამოსხივებაში დაფიქსირებულ მასშტაბურ აშლილობებს. ეს გამოსხივება იმ ცხელ გაზს მიჰყვება, რომელიც მკვლევართა აზრით, შესაძლოა ინახავდეს რამდენიმე მილიარდი წლის წინ უფრო მცირე ზომის გალაქტიკათა გროვასთან ღერძისგან გადახრილი მიმართულებით მომხდარი შეჯახების კვალს.

ეს კი ორ რამეს გვეუბნება. ძლიერი მინიშნებაა იმისა, თუ როგორ მიიღეს ამხელა ზომები IC 1101-ის მსგავსმა გალაქტიკებმა — და აჩვენებს, მექანიზმი, რომელსაც ასეთი მონსტრების წარმოქმნა შეუძლია, სამყაროში ჯერ კიდევ მუშაობს.

„სიფრთხილით მოვეკიდებოდი იმის თქმას, რომ IC 1101 აბსოლუტურ ზედა ზღვარს წარმოადგენს, რადგან სამყარო შესაძლოა კვლავ მალავდეს სხვა, ძალზე ვრცელ სისტემებს, რომლებიც ჯერ არ არის შესწავლილი სათანადო სიღრმითა და გულდასმით. თუმცა, IC 1101 ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სადამკვირვებლო შეზღუდვაა, რომელიც გვაჩვენებს, თუ რა ზომის შეიძლება გახდეს გალაქტიკა თანამედროვე სამყაროში“, — ამბობს მორერო დე ლა როსა.

თუ ისინი მართლაც არსებობს, ასტრონომებს ნამდვილად ენდომებათ მათი აღმოჩენა, რადგან ინახავენ ჩანაწერებს ყველაზე ექსტრემალური გალაქტიკური ზრდის ისტორიების შესახებ, ასეთ უზარმაზარ ზომებამდე ისინი ძირითადად მატერიის აკრეციისა და სხვა გალაქტიკებთან შერწყმის გზით იზრდებიან — და ამ შერწყმათა კვალი მათ გარეუბნებშია შენახული.

მკვლევრები გეგმავენ, რომ თავიანთ მეთოდები ამ გიგანტურ გალაქტიკათა მოსაძებნად დატესტონ და სცადონ გაიგონ, IC 1101 გამონაკლისია თუ ასეთივე ობიექტთა პოპულაციის ნაწილი, რომელთა აღმოჩენაც ჯერ ვერ შევძელით.

და თუ ის გამონაკლისია, შეიძლება ნათელი მოჰფინოს, თუ როგორ განაგრძობს სამყარო ევოლუციას.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი