სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია „სვეტის“ საქმის განხილვა დასრულდა. „სვეტის“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
საქალაქო სასამართლომ კომპანიის დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, „სვეტის“ გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
როგორც დაკავებულების ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი აცხადებს, დაცვის მხარე არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განაჩენს და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა შპს „სვეტი დეველოპმენტის“ საქმის განხილვა. დაცვის მხარე არ ეთანხმება იმ გამამტყუნებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
მნიშვნელოვანია, რომ საქმე აშკარად სამოქალაქო სამართლებრივ სფეროს ეხება და არანაირად – სისხლის სამართალს. აშკარაა, რომ გარკვეული პირების დაინტერესება არსებობდა ამ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. გვესმის ყველა დაზარალებულის მდგომარეობა და ვუთანაგრძნობთ მათ, მაგრამ ამ ორი ადამიანის ციხეში ჯდომა მათ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
მათი პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ამ მიმართულებითაც ვაგრძლებთ მუშაობას და საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ დადგება გამამართლებელი განაჩენი, როგორც თორნიკე ჯანელიძის, ისე გივი ჯიბლაძის მიმართ და მეორე – ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძესა და გენერალურ დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში წარედგინათ ბრალი.