სამხრეთ კორეაში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა
სამხრეთ კორეაში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა

სამხრეთ კორეაში, ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსტიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

სწავლებას კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ოთარ ბერეჟიანი უძღვება.

“ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება”, – აცხადებენ საელჩოში.

ჰანკუკის უნივერსიტეტს 2 ოქტომბერს კორეაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი ეწვია. დიპლომატი ქართული ენის შემსწავლელი კურსის მიმდინარეობას გაეცნო და უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრები გამართა.

საელჩოს ცნობით, 2017 წელს ჰანკუკის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს.