მსოფლიო რაგბიმ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული გუნდი 10-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ პირველ ადგილზეა. რეიტინგში ლიდერის პოზიციაზე „ქურციკები“ ბოლოს 2009 წლის ნოემბერში იმყოფებოდნენ. ამჯერად აფრიკელებმა 94.19 ქულა დააგროვეს და კლასიფიკაციის სათავეში მოექცნენ. რეიტინგის მეორე ადგილს 92.11 ქულით ახალი ზელანდია იკავებს. ინგლისის ნაკრებს კი 88.22 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.
მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს იაპონიის ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი წაგების გარეშე გაიარა. ჩემპიონატის მასპინძლებმა 79.28 ქულით მეათე პოზიციიდან მე-8 საფეხურზე გადაინაცვლეს და უკან შოტლანდია და არგენტინა ჩამოიტოვეს.
რაც შეეხება საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში 71.26 ქულით მე-14 ადგილზე არიან.
სრულად რეიტინგი იხილეთ ბმულზე.