2018 წლის „რაგბი ჩემფიონშიფის“ მეორე შეხვედრა დურბანში გაიმართა, სადაც სამხრეთ აფრიკამ არგენტინას უმასპინძლა.
მატჩის დასაწყისში მასპინძლები ამმა დააწინაურა. არგენტინელებმა ლელო მალევე გაქვითეს, თავი ნიკოლა სანჩესმა გამოიჩინა და გარდასახვაც თავად შეასრულა. 27-ე წუთზე ლელო პაბლო მატერამაც მიითვალა და სტუმრები პირველად დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე სამხრეთ აფრიკელთა ფულბეკმა გაიბრწყინა – ვილი ლე რუმ ფეხით კიდისკენ გადაკიდა, დიანტი ბურთს დაეუფლა და ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. პირველი ნახევარი არგენტინამ 10-14 მოიგო.
განსხვავებული სცენარით წარიმართა მატჩის მეორე ტაიმი. 53-ე წუთისთვის სამხრეთ აფრიკელებს უკვე სამი ლელო ჰქონდათ დადებული (დიანტი 42′, მაპიმპი 49′, 53′). „პუმებს“ თამაშში დაბრუნება 67-ე წუთზე შეეძლოთ, როდესაც მორონიმ ახლად შემოსული ვილემსეს პასი ჩაჭრა და ბურთი ძელებს შორის დაამიწა, მაგრამ სამიოდ წუთში ლელო ფაფ დე კლერკმა გაქვითა და „ქურციკებს“ კომფორტული უპირატესობა დაუბრუნა. მატჩის ბოლო წუთებში არგენტინელები უტევდნენ და ქულების მოპოვებას ცდილობდნენ, რათა 8 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ბონუს ქულა დაემსახურებინათ, მაგრამ მასპინძლებმა მეტოქეს ამის საშუალება არ მისცეს.
საბოლოო ანგარიში – სამხრეთ აფრიკა 34-21 არგენტინა.
პირველი ტურის შემდეგ 5 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა უდგანან. ავსტრალიასა და არგენტინას ნული ქულა აქვთ.