სამი ღამის განმავლობაში ცუდი ძილის შემდეგ, გულს სერიოზული პრობლემები ექმნება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სამი ღამის განმავლობაში ცუდი ძილის შემდეგ, გულს სერიოზული პრობლემები ექმნება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დიდი ხანია, ცნობილია, რომ ძილის ნაკლებობა გულისთვის ცუდია; თუმცა, მეცნიერებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს იმის შესწავლა, თუ ზუსტად რა ზიანს ეხება საქმე.

შვედეთის უფსალის უნივერსიტეტის ახალ კვლევაში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შეზღუდული ძილი სულ რაღაც სამი ღამის განმავლობაში — დაახლოებით ოთხი საათი ღამეში — სისხლში იწვევს ცვლილებებს, რომლებიც გულის დაავადებების მაღალ რისკთანაა კავშირში.

მკვლევრები სწავლობდნენ სისხლში არსებულ ანთებით ცილებს. ამ მოლეკულებს ორგანიზმი მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც ორგანიზმი სტრესშია ან დაავადებას ებრძვის.

როდესაც ეს ცილები ორგანიზმში დიდხანს რჩება, შეუძლიათ დააზიანონ სისხლძარღვები და გაზარდონ ისეთ პრობლემათა რისკი, როგორიცაა გულის უკმარისობა, გულის კორონარული დაავადება და წინაგულების ფიბრილაცია (არარეგულარული გულისცემა).

კვლევაში მონაწილეობდა 16 ახალგაზრდა კაცი, რომლებმაც რამდენიმე დღე გაატარეს ლაბორატორიაში, სადაც დეტალურად კონტროლდებოდა ყველაფერი, დაწყებული მათი საკვებითა და აქტიურობის დონით, სინათლის ზემოქმედებით დამთავრებული.

მონაწილეები ორ რუტინას მიუყვებოდნენ: სამი ღამე ნორმალურად ეძინათ (8,5 სთ) და სამი ღამე შეზღუდულად (4,25 სთ). ძილის თითოეული ფაზის შემდეგ, კაცები ასრულებდნენ მოკლე, მაღალი ინტენსივობის ველოსიპედის ვარჯიშს; მათ სისხლს ამოწმებდნენ დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.

სისხლის ნიმუშებში მკვლევრებმა თითქმის 90 სხვადასხვა ცილა გაზომეს. ასე დაადგინეს, რომ ძილნაკლულობა იწვევდა გულის დაავადებებთან დაკავშირებული ანთებითი მარკერების მკაფიო მატებას.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ვარჯიში აძლიერებს ჯანსაღ ცილებს, მაგალითად, ინტერლეიკინ-6-სა და BDNF-ს, ცუდი ძილის შემდეგ ეს რეაქცია სუსტი იყო.

საოცარია, მაგრამ ეს ცვლილებები ხდება ახალგაზრდა, ჯანმრთელ მოზრდილებშიც კი, თანაც რამდენიმე ღამით ცუდი ძილის შემდეგ. შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად გავრცელებულია ცუდი ძილი ახალგაზრდებში და ისიც, რომ ოთხიდან ერთი ადამიანი ღამის ცვლაში მუშაობს.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ დღის რა ნაწილში იღებდნენ სისხლს — ცილების დონე სხვადასხვა იყო დილით და საღამოთი, უფრო მეტად კი მაშინ, როცა ძილი შეზღუდული იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძილი გავლენას ახდენს არა მხოლოდ თქვენი სისხლის შემადგენლობაზე, არამედ იმაზეც, როდის არის ეს ცვლილებები ყველაზე თვალსაჩინო.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ცხოვრების წესი ხშირად გვაგულიანებს ძილის შეზღუდვას პროდუქტიულობის სასარგებლოდ, ასეთი კვლევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სხეული ყველაფერს მაინც ითვლის — ჩუმად, ქიმიურად და კომპრომისების გარეშე.

კვლევა Biomaker Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.