სალომე ზურაბიშვილი - ინფორმაციის თავისუფლება არ არის ინფორმაციის თავნებობა
სალომე ზურაბიშვილი - ინფორმაციის თავისუფლება არ არის ინფორმაციის თავნებობა

უნდა ვიფიქროთ, როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციასა და ცილისწამებას ისე, რომ არ შეიზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ფეიკნიუსზე, დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე არაერთხელ გამიკეთებია აქცენტი, სხვათაშორის, ეს მეც შემეხო და ბევრ სხვას. ესეც არის ზოგადი პრობლემა დღევანდელი საზოგადოებების, დღევანდელი სოციალური ქსელების. ძალიან დასაფიქრებელია, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ფაქტებს ისე, რომ ეს არ იყოს ინსტრუმენტი ზოგადად ინფორმაციის თავისუფლების შესაზღუდად, მაგრამ ინფორმაციის თავისუფლება არ არის ინფორმაციის თავნებობა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„ფრიდომ ჰაუსმა“ ხუთ ნოემბერს კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა.

„საანგარიშო პერიოდში ხელისუფლება ძირითადად, პატივს სცემდა და იცავდა ციფრულ უფლებებს. ამავე პერიოდში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტთან წვდომის გარანტიას იძლევა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თავისუფლებას რამდენიმე მიმართულებით მაინც ემუქრებოდა საფრთხე. წვდომა გაიზარდა, თუმცა ზრდა სუსტი იყო. ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტების მხრიდან, 2018  წლის ივნისში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გარდა ამისა, ინტერნეტის ლანდშაფტს ასევე აზიანებს დევნისა და ზეწოლის ხმაურიანი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში“, – ნათქვამია ანგარიშში.