სალომე ზურაბიშვილი ახალ ზელანდიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავს
სალომე ზურაბიშვილი ახალ ზელანდიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალ ზელანდიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავს.

„49 ადამიანის მკვლელობა ახალ ზელანდიაში ტერორისტული აქტია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. საქართველო დგას ახალი ზელანდიის ხალხისა და მსოფლიოში მუსლიმი თემის გვერდით, იმ იმედით, რომ ტერორიზმით გამოწვეულ ტრაგედიებს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმევა“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.

კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც მის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს. ბრენტონ ტარანტი თავდასხმის პროცესს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერით გადასცემდა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით სულ ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა.

ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა, მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.