სალომე სამადაშვილი - საზოგადოებას მოუწია, საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა არა პოზნერს, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორს, არამედ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ინსტრუმენტს
სალომე სამადაშვილი - საზოგადოებას მოუწია, საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა არა პოზნერს, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორს, არამედ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ინსტრუმენტს

საზოგადოებას მოუწია, საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა არა პოზნერს, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორს ჩვენს ქვეყანაში, არამედ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ინსტრუმენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ თავდაცვის აქტი განახორციელა.

„მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ესა თუ ის ადამიანი და მიუხედავად იმისა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს თუ არა დარღვეული, ჩვენს სახელმწიფოს რომელსაც ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპაციის ქვეშ, უნდა ჰქონდეს ძალინ მყარი პოლიტიკა . არსებობს ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც საკუთარი საქმიანობით აზიანებენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან სასურველი ვიზიტორები ჩვენს ქვეყანაში. ასეთი სია რომ არსებობდეს, ამ სიაში პირველი უნდა იყოს პოზნერი. ამ პოლიტიკას დღევანდელი ხელისუფლება არ ატარებს და შესაბამისად, გუშინ საზოგადოებას მოუწია საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა არა ბატონ პოზნერს, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორს ჩვენს ქვეყანაში, არამედ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. ეს პროპაგანდისტული მანქანა არის იარაღი რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის ხელში ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისთვის. გუშინ საზოგადოებამ განახორციელა თავდაცვის აქტი, პუტინის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ. ამან შედეგი გამოიღო, პოზნერმა გაიგო, რომ ის არ არის სასურველი ვიზიტორი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.