სალაჰმა ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი უარყო
სალაჰმა ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი უარყო

ეგვიპტის ნაკრების ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კონფლიქტი აქვს გუნდთან და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან, ამ უკანასკნელის მოქმედებების გამო.

“ეგვიპტის ნაკრებში ყველა ერთნი ვართ. ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და კარგი ურთიერთობა გვაქვს”,– დაწერა ფეხბურთელმა საკუთარ “ტვიტერზე”.

უფრო ადრე, ეგვიპტურ პრესაში დაიწერა, რომ ფეხბურთელს არ მოეწონა ის, თუ როგორ იყო ორგანიზებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდის მზადება. კერძოდ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების შეკრებაზე ასამდე ბიზნესმენი, მსახიობი და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი მიიწვია, რაც ხელს უშლიდა ფეხბურთელებს. სალაჰმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, ფედერაციის წარმომადგენლებმა კი “ლივერპულის” ფეხბურთელს საუბრის ტონი დაუწუნეს. ამის შემდეგ, გუნდის ლიდერი სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა და რამდენიმე საათი არავისთან ჰქონდა კონტაქტი.

ეგვიპტის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი ტურის მატჩი წააგო და დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი.