ლეგენდარულმა კაპელომ კვარაცხელია სალაჰს შეადარა - შეტევაში ქართველი სოლიდურად გამოიყურება #1TVSPORT
ლეგენდარულმა კაპელომ კვარაცხელია სალაჰს შეადარა - შეტევაში ქართველი სოლიდურად გამოიყურება #1TVSPORT

ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „კორიერე დელო სპორტთან“ ინტერვიუში „ნაპოლიზე“ ილაპარაკა, გუნდის ტრანსფერების პერსპექტივა შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულის“ ეგვიპტელ ვარსკვლავს, მოჰამედ სალაჰს შეადარა.

„ლუჩანო სპალეტი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან დაკარგა კულიბალი, რომელიც დაცვის სიმყარეს განაპირობებდა, და ინსინიე, რომელსაც გოლები გაჰქონდა და თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა, მაგრამ ეს „ნაპოლი“ მაინც მაინტრიგებს. დაცვის ცენტრში კიმი სოლიდურად გამოიყურება, ხოლო შეტევაში – ქართველი (კვარაცხელია), რომელიც მოძრაობებით სალაჰის კარიერის დასაწყისს მაგონებს“, – განაცხადა კაპელომ.

ფაბიო კაპელო თამაშობდა „სპალში“, „რომაში“, „მილანსა“ და „იუვენტუსში“, ასევე იტალიის ნაკრებში (32 მატჩი, 8 გოლი). კარიერაში რამდენიმე ტიტული მოიგო. 1969 წელს მოიგო იტალიის თასი „რომასთან“ ერთად, მაგრამ უდიდესი წარმატება ჰქონდა „იუვენტუსში“, სადაც მოიპოვა სერია ა-ს სამი ტიტული 1972, 1973 და 1975 წლებში. „მილანთან“ ერთად 1977 წელს მოიგო იტალიის თასი, ხოლო 1979 წელს – იტალიის ჩემპიონობა.

მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ მწვრთნელად. მუშაობის პირველ ხუთ სეზონში მოიგო სერია ა-ს ოთხი ტიტული „მილანთან“ ერთად, ასევე 1994 წელს ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონასთან“ დასამახსოვრებელი 4:0 გამარჯვებით. შემდეგ მან ერთი წელი გაატარა მადრიდის „რეალში“ და გახდა ლა ლიგის გამარჯვებული, ხოლო 2001 წელს „რომას“ ჩემპიონობა 18 წლიანი პაუზის შემდეგ მოაპოვებინა.

კაპელომ ასევე მოიგო ორი ტიტული „იუვენტუსთან“ და 2006 წელს დაბრუნდა „რეალში“, სადაც მოიგო ლა ლიგის კიდევ ერთი ტიტული. ჯამში, მან 16 სეზონში 9 ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა. იტალიელი სპეციალისტი ცნობილია იმით, რომ ხშირად „ეჯახებოდა“ იმ გუნდების მთავარ ვარსკვლავებს, რომლებსაც წვრთნიდა: რობერტო ბაჯოსთან კონფლიქტი „მილანში“ ჰქონდა, დავორ შუკერთან, დევიდ ბექჰემთან და რონალდუსთან – მადრიდის „რეალში“, ვინჩენცო მონტელასთან – „რომაში“, ალესანდრო დელ პიეროსთან – „იუვენტუსში“. 2018 წელს მწვრთნელობას თავი დაანება. ამჟამად კაპელო 76 წლისაა.