საკრუიზო გემმა, Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური დატოვა
საკრუიზო გემმა, Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური დატოვა

საკრუიზო გემმა, „ასტორია გრანდემ“ (Astoria Grande) ბათუმის ნავსადგური დატოვა. ლაინერი ნავსადგურიდან რამდენიმე წუთის წინ გავიდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. მათ საკრუიზო ლაინერი შეძახილებით გააცილეს.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, დილიდან აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეები ადგილზე წუხელ, გვიან ღამიდან იმყოფებოდნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 23 პირი დააკავა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოსული პალაუს დროშით მცურავი საკრუიზო გემის მფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited-ი, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციაში არ ფიქსირდება.

მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.