ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად, სანქციებთან მიმართებით პერმანენტულად ახორციელებს ქვეყანაში შემოსული გემების სკრინინგს. შესაბამისად, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება, მათ შორის ბათუმის პორტში, სადაც ის 27 ივლისს იმყოფებოდა.

ამასთანავე, გურამ გურამიშვილი აქცენტს აკეთებს საკითხის იმ მხარეზე, რომელიც ტურიზმს უკავშირდება. მისი თქმით, ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით და არ შეიძლება მისადმი შერჩევითი, სატრანსპორტო საშუალების მიხედვით მიდგომა.

„ტურისტებისთვის გზა გახსნილია როგორც საავტომობილო, ისე საჰაერო მიმოსვლისთვის. აუცილებელია, რომ ქვეყანა პოზიციონირებდეს საზღვაო მიმოსვლის თვალსაზრისითაც და აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც მას ტურიზმის დარგში საზღვაო მიმართულებით აქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.