საფრანგეთში საწვავის მაღალი ფასის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაშავდა
საფრანგეთში საწვავის მაღალი ფასის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაშავდა. BBC-ს ცნობით, აქციის 63 წლის მონაწილე ქალი მანქანამ გაიტანა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
აქციები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გუშინ დაიწყო და ღამითაც გაგრძელდა. მომიტინგეებმა გზები ჩახერგეს და მთავრობას მოუწოდეს, 2019 წელს ნავთობპროდუქტებზე გადასახადის ზრდაზე უარი თქვას.
აქციებში სულ 282 000 ადამიანი მონაწილეობდა, 117 აქტივისტი დააკავეს, 73-ს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. სერიოზული ტრავმები მიიღო ექვსმა დემონსტრანტმა და ერთმა პოლიციელმა. ისინი საავადმყოფოში რჩებიან.
აქციების გამო, დაკეტილი იყო მაღაზიები და ბენზინგასამართი სადგურები. პარიზში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრელმლსადენი აირი გამოიყენეს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნავთობზე გადასახადების ზრდა აუცილებელია, რათა განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირება მოხდეს და შემცირდეს საფრანგეთის დამოკიდებულება ნავთობზე.