საფრანგეთში ათობით ვებგვერდი ისლამისტების ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა
საფრანგეთში ათობით ვებგვერდი ისლამისტების ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა

საფრანგეთში ათობით ვებგვერდი ისლამისტების ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. მედიის ცნობით, დამნაშავეებმა ათობით ვებგვერდზე განათავსეს ფოტო, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღორის ფორმით იყო გამოსახული. მათ ასევე განათავსეს პროპაგანდისტული მოწოდებები, რომელშიც ისლამის გამარჯვებაზე და საფრანგეთის სიკვდილზე იყო საუბარი.

თავდასხმის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც მაკრონმა პარიზში სკოლის პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება. მან ასევე თქვა, რომ საფრანგეთში „ისლამური სეპარატიზმის საფრთხე“ არსებობს.

პარიზში პედაგოგი 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენმა მოკლა. როგორც ფრანგული მედია წერს, მანამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.

„მომხდარის გამო ჩვენ არ ვიტყვით უარს კარიკატურებსა და ნახატებზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის ამ გამოსვლას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილში საპროტესტო აქციები და ფრანგული პროდუქციის ბოიკოტი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი, მაკრონს „მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებისკენ“ მოუწოდა.