საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფრანგეთის ეროვნული კრების წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მომხრე იყო 168 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი – ორი.

დამტკიცებული დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ხელოვნური მიზეზით გამოწვეულმა შიმშილმა, რომელსაც 1930-იან წლებში ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირში, უკრაინაში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, საფრანგეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტოტალიტარული რუსეთის წარსულ და დღევანდელ დანაშაულთა მხილებაში.

მანამდე, 2022 წლის 30 ნოემბერს ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა გერმანიის ბუნდესტაგმა, ხოლო 2022 წლის 15 დეკემბერს ანალოგიური რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმაც.

მოსკოვი ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად არ აღიარებს და აცხადებს, რომ იმ პერიოდში, უკრაინის გარდა, ასევე დაზარალდა ცენტრალური აზიისა და რუსეთის მილიონობით მოქალაქე.