დანიის პარლამენტმა გრენლანდიასა და აშშ-თან უსაფრთხოების შესახებ სამმხრივი შეთანხმება დაამტკიცა

14:22, 19.11.2026

დანიის პარლამენტმა 109 ხმით ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებთან, რომელიც არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კენჭისყრას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მრავალთვიანი ზეწოლა, რომელსაც დანიის ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება სურდა.

დონალდ ტრამპსა და დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება გზას უხსნის გრენლანდიაში აშშ-ის დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსებას და განმუხტავს დაძაბულობას, რომელიც ტრამპის მიერ კუნძულის აშშ-ის შემადგენლობაში მოქცევის შესახებ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას მოჰყვა. ფოლკეტინგის გადაწყვეტილება შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საბოლოო ნაბიჯი იყო.

მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში დოკუმენტი გრენლანდიის პარლამენტმაც წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა. შეთანხმების მიზანი გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდაა იმ პირობით, რომ თვითმმართველი კუნძული დანიის კონტროლის ქვეშ დარჩება.

დოკუმენტის პირობები ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობის მოპოვებას გადაწყვეტს.

მსგავსი