საფრანგეთი ასადს წარსულში მინიჭებულ საპატიო ლეგიონის ორდენს ჩამოართმევს
საფრანგეთის მთავრობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასად 2001 წელს მინიჭებულ საპატიო ლეგიონის ორდენს ჩამოართმევს. France Press-ის ინფორმაციით, პროცედურა უკვე დაწყებულია. მიზეზი ბაშარ ალ ასადის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ქიმიური თავდასხმაა.
ასადმა, რომელიც სირიის პრეზიდენტის თანამდებობას 2000 წლის ზაფხულიდან იკავებს, საპატიო ლეგიონის ორდენი 2001 წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკისგან მიიღო. ეს არის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, რითაც საფრანგეთის სახელმწიფო მეთაური ამა თუ იმ პირს სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის აჯილდოებს. ეს ტრადიცია საფრანგეთში 1802 წელს დამკვიდრდა.
აღნიშნული ჯილდო ასადს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებისთვის მიენიჭა, რომელიც მან პრეზიდენტობის პირველ თვეებში განახორციელა.
სირიის მთავრობასთან ურთიერთობა საფრანგეთს 2011 წლიდან, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე გაუფუჭდა, როცა სირიის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად ძალა გამოიყენა. მოგვიანებით, ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა სიტუაცია ასადსა და ფრანსუა ოლანდს შორის მნიშვნელოვნად გაართულა. ოლანდი ბაშარ ასადს საკუთარი მოქალაქეების ხოცვაში ღიად ადანაშაულებდა. იმავეს იმეორებს საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
14 აპრილს საფრანგეთის ავიაციამ გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ასადის რეჟიმზე პირდაპირი იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ჰომსში მდებარე ქიმიური იარაღის ორი საცავი და დამასკოს საკვლევი ლაბორატორია განადგურდა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ.