ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარება“ ასადის რეჟიმის მიერ - რუსეთის არაბული ბუმერანგის ტრაექტორია
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარება“ ასადის რეჟიმის მიერ - რუსეთის არაბული ბუმერანგის ტრაექტორია

„არაბული გაზაფხულის“ დემონსტრაციების ყოფილი აქტივისტი რუქამ ჰასა დღეს სურუჩის ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს. ომში ჩაძირული სამშობლოდან მას ბოლო წლების უმწარესი მოგონებები გამოჰყვა. იგი დარწმუნებულია, რომ სირია უწინდებური ვეღარასოდეს იქნება. ჰასა საკუთარი ქვეყნის განადგურებაში ბაშარ ასადის რეჟიმს და მის მოკავშირეებს, პირველ რიგში კი, რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„ასადმა რუსეთთან, ირანთან და ჰესბოლასთან ერთად სირიის განადგურებას ხელი მოაწერა. ჩემი ქვეყნისგან აღარაფერი დარჩა. სირია უწინდებური ვეღარასოდეს იქნება. ეს ქვეყანა დანაწევრებულია, დაქუცმაცებული. ომის შემდეგაც კი იქ დაბრუნება წარმოუდგენელი მგონია. ასადმა და რუსეთმა სირიისგან აღარაფერი დატოვეს“, – უთხრა რუქამ ჰასამ პირველ არხს.

ომიდან შვიდი წლის თავზე, დაქუცმაცებული ქვეყნის პრეზიდენტმა – რუსეთის ფედერაციის ყველაზე ახლო მოკავშირემ არაბულ სამყაროში 29 მაისს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ეს აღიარება სირიის მთავრობის მხრიდან არაფერია, თუ არა ერთგულების დასტური კრემლისადმი.

ოფიციალური დამასკოს გადაწყვეტილებას რუსეთისა და ორივე სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან დიდი აღტაცება მოჰყვა. მეტიც, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ ამ „აღიარებას“ სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

აღმოსავლეთმცოდნე სიმონ გურეშიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის ასადის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება, ვინაიდან სირიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ და არსებული ვითარების ფონზე, თავად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება და ამ ეჭვს სრულიად ლოგიკური საფუძვლები აქვს. სიმონ გურეშიძე ასევე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთისა და სირიის მთავრობებზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

„სირიის რეჟიმი მოკავშირეებს დღეს მხოლოდ რუსეთი და ირანი წარმოადგენენ. ერთ-ერთი მოკავშირის აქტივობის შედეგი დღეს ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა ამის მოლოდინი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. რაც შეეხება ასადის მოკავშირე ირანს, მსგავსი გადაწყვეტილება ირანის მხრიდან გამორიცხულია, რადგან ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ღიად უჭერს“, – განუცხადა სიმონ გურეშიძემ  პირველ არხს.

სირიის დიქტატურულ რეჟიმსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის ურთიერთობა 2015 წლიდან იღებს სათავეს, – სწორედ იმ პერიოდიდან, როცა სირიის მესამედს თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა, ნაწილს – მეამბოხეები, 17-მილიონიან ქვეყანაში 9 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იყო ქცეული, 200 ათასზე მეტი კი – ომის მსხვერპლად. შემთხვევითი არ არის, რომ ზემოთ ხსენებულ მხარეებს შორის პირველი კონტაქტი სირიაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან სამ თვეში დამყარდა.

2015 წლის 21 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სირიელ კოლეგას მოსკოვში შეხვდა. აუდიენციის შემდეგ, ჩირიკბამ იმედი გამოთქვა, რომ სირია აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ აღიარებდა.

„აფხაზეთისთვის სირიის მთავრობის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ჩირიკბამ რუსულ პრესას. თუმცა, მას არ განუმარტავს, რა „სასიცოცხლო მნიშვნელობას“ ატარებს ცივილიზებული სამყაროსგან განდევნილ დიქტატორთან კრემლის მარიონეტული, თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ კავშირი.

„დამოუკიდებლობის“ აღიარების მოლოდინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაუჩნდა. ამ მოლოდინის აღსრულების მიზნით, სეპარატისტულმა რეჟიმმა სირიაში მცხოვრები აფხაზური ფესვების მქონე სირიელების თემით მანიპულაცია დაიწყო. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის ფონდი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აფინანსებს, ეთნიკურად აფხაზ სირიელებს სოხუმში ეპატიჟებოდა. მათი რაოდენობა სირიაში 4 500-დან 5 000-მდე მერყეობს.

ორი წლის წინ ტელეკომპანია Al Jazeera-ს ობიექტივში სირიის მოქალაქე აფხაზები მოხვდნენ, რომლებიც ომის პერიოდში ახალი ცხოვრების დასაწყებად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში გაემგზავრნენ, თუმცა კონფლიქტის ზონიდან გაქცეულებისთვის ახალი ცხოვრების დაწყება მეორე კონფლიქტის ზონაში, რუსეთიდან მართული სეპარატისტული რეჟიმის პირობებში, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ.

25 წლის სირიელმა აფხაზმა ომარ შ.-მ Al Jazeera-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ აღწერილი „აფხაზეთი“ სრულებით არ შეეფერება რეალობას.

„ასეთი სიღატაკე სირიაშიც არ მინახავს. სასოწარკვეთილი ვიყავი. ვეკითხებოდი ჩემ თავს, როგორ მოვტყუვდი, აქ რას ვაკეთებ-თქო“, – უთხრა ომარმა Al Jazeera-ს ჟურნალისტს ორი წლის წინ.

რთული გამოსაცნობი არ არის, რომელი ქვეყნის შუამდგომლობით დამყარდა კავშირი სეპარატისტულ რეჟიმსა და ბაშარ ალ ასადის მთავრობას შორის. ამ პერიოდშივე, რუსეთმა სირიის ომში ფესვები ღრმად გაიდგა და ტერორიზმთან ბრძოლის სახელით, რუსულმა ავიაციამ მიზანში მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ამოიღო. თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფო, იგივე დაეში რუსეთის ფედერაციისთვის იდეალური საბაბი იყო, ჩართულიყო სირიის ომში, რეალური მიზანი კი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი ჰეგემონიის გავრცელებას ემსახურება, რაც დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ასადის რეჟიმის განმტკიცებასაც გულისხმობს.

რუსეთს სირიაში რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს, მათ შორის ორი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ტარტუსსა და ლატაკიაში. პუტინის არაბული ვნება დღეს არა მხოლოდ ასადის რეჟიმის განმტკიცება, არამედ სამხედრო ექსპერიმენტებია, რისთვისაც ომში ჩაძირული ქვეყანა საუკეთესო ასპარეზს წარმოადგენს. დასავლეთში დიდი ხანია, ეჭვობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში ახალი თაობის ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობს. ბაშარ ასადმა, რომელსაც მოსკოვთან მჭიდრო კავშირი მემკვიდრეობით მამისგან ერგო, რეალურად, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთს სრულ მანდატს ანიჭებს, სირია სამხედრო ექსპერიმენტისთვის გამოიყენოს. ამ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს სირიაში გაგზავნილი 200-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი, რომლებიც სამხედრო კერძო კომპანია „ვაგნერის“ სახელით არიან ცნობილი. აღნიშნული ჯგუფი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „შავ სიაში“ შეიყვანა. მათ მეორე სახელიც აქვთ – „მფატრავები“.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარება შვიდწლიან ომში ჩაფლული ქვეყნის მთავრობისთვის შესაძლოა, საბედისწერო ნაბიჯად იქცეს.

სირიელი ქურთები, რომელთა რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს და რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სირიის ალავიტური მთავრობის მიერ იდევნებოდნენ, 2012 წლიდან საკუთარ ავტონომიას ითხოვენ. სირიის სამოქალაქო ომის ფონზე, 2016 წლის მაისიდან როჯავას რეგიონი დაარსდა, რომელიც უმაღლესი ქურთული საბჭოს მიერ კონტროლდება და სამ რეგიონს – კობანის, აფრინსა და ჯაზირას აერთიანებს. მოულოდნელი არ იქნება, თუ მრავალი წლის განმავლობაში უფლებაწართმეული და შევიწროებული ქურთები, რომლებიც დასავლეთისა და ისრაელის მხარდაჭერით სარგებლობენ, ასადის მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესალახად ნასროლ ბუმერანგს დამასკოსკენ გაიტყორცნიან და სირიის მთავრობისგან ფართო ავტონომიის შექმნას დაუყოვნებლივ მოითხოვენ.

ასადის დიქტატურული რეჟიმისთვის შესაძლოა, საბედისწეროდ იქცეს გოლანის მაღლობებიც.

სირიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ყველაზე ნათელი გამოვლინება გოლანის მაღლობების ანექსიაა. 1967 წელს, როდესაც ისრაელმა სამ არაბულ სახელმწიფოს 6-დღიანი ომი მოუგო, ისრაელის ჯარმა სირიის დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობების ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. 1981 წლიდან ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა აღნიშნული ადგილი საკუთარ ტერიტორიად ცნო. ამის მიუხედავად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გოლანის მაღლობებს დღემდე ისრაელის მიერ ანექსირებულ სირიის ტერიტორიად განიხილავს.

ხუთი დღის წინ, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ტომ ო’კონორმა გოლანის მაღლობების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მისი ვარაუდით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა, გასაკვირი არ იქნება, თუ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის შემდეგი ისტორიული გადაწყვეტილება სწორედ გოლანის მაღლობებს შეეხება (აშშ-ში ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა).

„დონალდ ტრამპმა უკვე გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ვერც ერთმა მისმა წინამორბედმა ვერ გაბედა. მან იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. იგი გაერო-ს რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა. მოულოდნელი არ იქნება, თუ ახლო მომავალში დონალდ ტრამპი გოლანის მაღლობებთან დაკავშირებითაც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს“, – წერს ტომ ო’კონორი საავტორო სტატიაში.