ბათუმში მიმდინარე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე სამშაბათს, მერვე ტურის პარტიები გაიმართება.
შვიდი ტურის შემდეგ, ქალ მოჭადრაკეთა შორის სატურნირო ცხრილს, 13 ქულით, ერთპიროვნულად სომხეთის გუნდი ლიდერობს. 12-12 ქულით, მეორე-მეოთხე ადგილებს ჩინეთის, უკრაინის, საქართველოს პირველი და რუმინეთის გუნდები ინაწილებენ.
მეშვიდე ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი ინდოეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ყაიმით 2:2 ითამაშა. პირველ-მეორე დაფებზე ნანა ძაგნიძე ჰამფი კონერუს, ხოლო ინგა ჭარხალაშვილი ჰარიკა დრონოვალს შეხვდნენ. საქართველოს ნაკრების ღირსებას ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილიც იცავდნენ.
საქართველოს მეორე ნაკრებმა, რომელიც სატურნირო ცხრილში 11 ქულით 11-ე ადგილზეა, მეშვიდე ტურში ფილიპინების გუნდს 3:1 მოუგო, საქართველოს მესამე ნაკრების წევრებმა ავსტრიის ნაკრების წარმომადგენლებს მშრალი ანგარიშით – 4:0 სძლიეს.
დღეს, მერვე ტურში, საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ყაზახეთის, ხოლო მეორე აზერბაიჯანის მეტოქე იქნება.
საქართველოს ვაჟთა პირველმა ნაკრებმა, მეშვიდე ტურში, მაკედონიის გუნდს 4:0 სძლია. მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრების ღირსებას – ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი, ლევან ფანცულაია და დავით ჯოჯუა იცავდნენ.
მეორე ნაკრებმა კოლუმბიასთან 1,5:2,5 წააგო, მესამე ნაკრები კი მოლდოვის გუნდთან 1:3 დამარცხდა.
მერვე ტურში საქართველოს პირველი ნაკრები მოლდოვის, მეორე ნეპალის, მესამე კი ინდონეზიის გუნდის მეტოქეა.