ბათუმში რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დღეს მეხუთე ტურის პარტიები გაიმართა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველმა ნაკრებმა რეიტინგის მეორე გუნდის უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა და ყაიმი 2:2 დაფიქსირდა. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა პირველ – მეორე დაფებზე ანა და მარია მუზუჩუკებთან ყაიმი გააფორმეს, ნინო ბაციაშვილი ანა უშენინასთან დამარცხდა, ბელა ხოტენაშვილმა კი ნატალია ჟუკოვას მოუგო. საქართველოს მეორე ნაკრებმა თურქეთის გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 3,5:0,5 მოიგო. პარტიები გამარჯვებით სალომე მელიამ, სოფიო გვეტაძემ და სოფიო ხუხაშვილმა დაასრულეს, ინგა ჭარხალაშვილმა კი ყაიმი დააფიქსირა. მესამე გუნდის წევრებმა ფინეთის გუნდის წარმომადგენლებს 3:1 მოუგეს. ხომერიკმა და ქორიძემ მოიგეს, ჯანიაშვილმა და ლომაიამ მეტოქეებთან ქულა გაიყვეს.
ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მეორე ნაკრები 9 ქულით მეოთხე ადგილზეა, 9 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურზეა საქართველოს პირველი ნაკრები ხოლო მესამე გუნდის წევრები ხუთი ქულით 32-ე საფეხურზე არიან.
რაც შეეხება ვაჟებს. საქართველოს პირველმა გუნდმა ბრაზილიას 3:1 სძლია, ჯობავამ და ჩეპარინოვმა ყაიმები დააფიქსირეს, მჭედლიშვილმა და ფანცულაიამ მოიგეს. ასეთივე შედეგით 3:1 მოიგო საქართველოს ვაჟთა მეორე გუნდმა, რომელმაც მეხუთე ტურში მონღოლეთის ნაკრებს სძლია. მესამე გუნდის წევრებმა კი ყირგიზეთის გუნდს 2,5:1,5 მოუგეს.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრები 8 ქულით 22-ე, საქართველოს მეორე გუნდი 7 ქულით 34-ე, საქართველოს პირველი ნაკრები კი ასევე 7 ქულით 34-ეა.
ხვალ მოჭადრაკეები დაისვენებენ. კვირას კი მეექვსე ტურში საქართველოს ქალთა პირველი და მეორე ნაკრებები ერთმანეთის მეტოქეები არიან, მესამე ნაკრები უნგრეთის გუნდს შეხვდება, საქართველოს ვაჟთა მესამე გუნდი ჰოლანდიის, საქართველოს მეორე ნაკრები ვიეტნამის, ხოლო პირველი გუნდი კანადის მეტოქეა.