საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი“
საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი“

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ვ.ქარსელაძის სახ. ჭადრაკის სკოლაში 10-13 ოქტომბერს ტარდება საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელის, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს ორგზის ვიცე -ჩემპიონის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 12 ოქროს მედლის მფლობელი ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი – „ნანა ალექსანდრიას თასი.“ ფესტივალი სამი ტურნირისაგან შედგება: 8 წლის ბავშვების, 16 წლამდე მოსწავლეების და ჭადრაკის მეგობართა ტურნირი წარმატებული ადამიანების მონაწილეობით.

ნანა ალექსანდრიამ, როგორც დიდმა საჭადრაკო მოღვაწემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 1971 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლას. 16 წელი ხელმძღვანელობდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში (FIDE) ქალთა ჭადრაკის კომისიას. იყო ევროსაბჭოში საქართველოს ეროვნული ელჩი სპორტში , ტოლერანტობასა და სამართლიან თამაშში. მისი მოღვაწეობის შედეგია ქალთა საჭადრაკო ოსკარის შემოღება, გოგონათა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების დაარსება, ევროპის ქალთა საკლუბო თასის შემოღება, ქალთა გუნდის ჩართვა ვაჟთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებში. მისი რეკომენდაციების საფუძველზე საერთაშორისო ტურნირებში შემოღებულია ქალთა პრიზები და სხვა.

13 ოქტომბერს 17.00საათზე ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართება ნანა ალექსანდრიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და საჭადრაკო ფესტივალის საზეიმო დახურვა.