„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - „შერიფი“ ძლიერია, თუმცა გამოწვევისთვის მზად ვართ
„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის ჩემპიონს, „შერიფს“ 10 ივლისს ტირასპოლში შეხვდება.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მოლდოვაში გამგზავრებამდე დასკვნითი ვარჯიში გამართა, „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„ევროტურნირებზე „შერიფთან“ პირველი ოფიციალური შეხვედრა გველის, თუმცა ვფიქრობ, გამოწვევისთვის მზად ვართ. ძალიან გვსურს, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ და იმედია, გულშემატკივარს გავახარებთ. „შერიფთან“ ტრავმების გამო, „ინტერს“ გი და ელვინ ტერა ვერ დაგვეხმარებიან. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, ყველა მწყობრშია და შეხვედრისთვის ემზადება“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა მომავალ მეტოქეზეც ილაპარაკა.
„თუ რა ძალაა „შერიფი“, ეს შარშან ვნახეთ, როდესაც ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდნენ. მოლდოველები ევროსარბიელზე სტაბილურად თამაშობენ. დაპირისპირება საკმაოდ კარგ კლუბთან მოგვიწევს, თუმცა ვეცდებით, საბოლოოდ გამარჯვებულები დავრჩეთ“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ მოლდოვაში ტირასპოლის „შერიფს“ 10 ივლისს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო განმეორებით მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16 ივლისს, 21:30 საათზე უმასპინძლებს.