„საბურთალოს“ აკადემიის სამი ფეხბურთელი „ზლატე მორავცეს“ 19-წლამდელებში ითამაშებს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის სამი ფეხბურთელი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„საბურთალომ“ ცოტა ხნის წინ თანამშრომლობა „ზლატე მორავცესთან“ დაიწყო და ამ შეთანხმების მიხედვით, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი სლოვაკურ კლუბში იჯარით გადავიდნენ.
ახლა თბილისელებმა ფეხბურთელები „ზლატე მორავცეს“ ასაკობრივ გუნდშიც გაუშვეს. სლოვაკური კლუბის 19-წლამდელებში იჯარის წესით ითამაშებენ – ცოტნე ხეჩიკაშვილი, გიორგი მაღრაძე და მათე ანთია.
„ჩვენი გუნდის ფეხბურთელები სლოვაკეთში 2023 წელსაც იმყოფებოდნენ, სადაც სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება გაიარეს. სწორედ ამ დროს შეარჩიეს „საბურთალოდან“ სამი ფეხბურთელი და „ზლატე მორავცეს” 19-წლამდელებში მიიწვიეს.
მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და სლოვაკურ „ზლატე მორავცეს“ შორის თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ „საბურთალოდან“ უკვე ექვსი ფეხბურთელი იმყოფება სლოვაკურ გუნდში. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს“, – წერია „საბურთალოს“ გავრცელებულ ცნობაში.